2026 წლის 3 ივნისს, ათენში, ბიზანტიისა და ქრისტიანობის მუზეუმში, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ინტელიექსპრესი და Inex Group.
საზეიმო მიღებას საბერძნეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აკადემიური წრეების წევრები, საქართველოს მეგობრები და ქართული დიასპორული ორგანიზაციები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო დიმიტრის ავრამოპულოსი – საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, რომელმაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითაც მიმართა.
ღონისძიება საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფო ჰიმნების ცოცხალი შესრულებით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
საღამო ქართული დიასპორული ქორეოგრაფიული ანსამბლების შთამბეჭდავი წარმოდგენებით გაგრძელდა, ხოლო სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.
ინტელიექსპრესისა და Inex Group-ისთვის დიდი პატივია, იყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდამჭერი, რომლებიც საქართველოს კულტურის, ისტორიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული დიასპორის, პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების როლს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.